შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით ორი პირი 2000 წელს დაბადებული ლ.ბ. და 2001 წელს დაბადებული მ.ნ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ორ თანამზრახველთან ერთად, თბილისში, პეკინის გამზირზე მდებარე ტექნიკის მაღაზია გაქურდეს. დაკავებულებმა სავაჭრო ობიექტიდან 5 მობილური ტელეფონი და 1 ლეპტოპი მოიპარეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა ორი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ასევე დადგენილია თანამზრახველთა ვინაობა და მათ დასაკავებლად ტარდება ოპერატიულ- სამძებრო ღონისძიებები. პოლიციამ ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.