შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ უაქციზო სიგარეტის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავა- ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები – 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებიტ დადგინდა , რომ ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 8-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.