შსს-ში მეტროში მოქალაქეთა შემოწმების შესახებ განმარტებას აკეთებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტი კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს უკავშირდება.
სამინისტროს ცნობით, პოლიცია უფლებამოსილია, „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მას აკრძალული ნივთი აქვს.
„მომხდარ დანაშაულზე რეაგირების გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა დანაშაულის პრევენცია. ამ მიზნით პოლიცია უფლებამოსილია, „პოლიციის შესახებ კანონის“ საფუძველზე შეაჩეროს და შეამოწმოს პირი, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს თან აქვს ამავე კანონით აკრძალული რაიმე ნივთი. სწორედ აღნიშნულ, კანონით გათვალისწინებულ პრევენციულ ღონისძიებებს ახორციელებს პოლიცია პერიოდულად“, – აცხადებენ შსს-ში.
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეტროში შემავალ მგზავრებს პოლიცია ჩხრეკდა. დამადასტურებელი ფოტომასალა “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტმა დავით სუბელიანმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა.