შსს-ს ცნობით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაშავდა. შსს-ს ცნობით, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია და შესაბამისი მკურნალობა აზერბაიჯანის საავადმყოფოში უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 6 დეკემბერს მოხდა. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რამ გამოიწვია საქართველოს მოქალაქის დაშავება.არსებული ინფორმაციით, დაჭრილი საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად აზერბაიჯანელია.

„საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 6 დეკემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან მდებარე უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა. აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცველები,“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.