შსს-ს კინოლოგები, პრევენციის მიზნით, კინოთეატრებს ამოწმებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგები, პრევენციის მიზნით, კინოთეატრებს ამოწმებენ.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გაჟღერდა ვერსია, რომ ფილმ And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლის მიზნით, ჰომოფობიური მოძრაობის წევრები 112-ში დარეკავდნენ და კინოთეატრში ბომბის არსებობის შესახებ განაცხადებდნენ. სწორედ ამ ხერხის გამოყენებით მათ გასულ წელს მზიურში ერთ-ერთი ფილმის ჩვენება ჩაშალეს.

ფილმის პირველი ჩვენება დღეს, 8 ნოემბერს თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში გაიმართება. ლევან ვასაძე და ჰომოფობიური ჯგუფების სხვა ლიდერები, გურამ ფალავანდიშვილი და დიმიტრი ლორთქიფანიძე, ქართული მარშის მსგავსად, And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლით იმუქრებიან. გურამ ფალავანდიშვილი, რომელიც თავს ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარეს უწოდებს, ამბობს, რომ თუ პოლიცია მათ “ხელს შეუშლის” სეანსის ჩაშლაში, პასუხად პოლიციას შეუშლიან ხელს, რომ ფილმის ჩვენების დაცვა ვერ შეძლონ.

ფალავანდიშვილი ფილმის ჩაშლის სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავს, მათ შორის დარბაზის წინასწარ დაკავებას და კინოთეატრის შესასვლელის პიკეტირებას. მისი გეგმით, სამი დღის განმავლობაში ფილმის ვერცერთი სეანსის ჩვენება არ უნდა მოხდეს. როგორც ის ამბობს, მათი ძალები ყველა კინოთეატრთან გადანაწილდება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჰომოფობიური ჯგუფები ფიზიკური დაპირისპირებით იმუქრებიან მათ შორის პოლიციასთან. იგივე მოწოდებები ისმოდა 17 მაისისა და თბილისი პრაიდის წინა პერიოდში.

ფილმის ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.