შინაგან საქმეთა მინისტრი სამეგრელოში იმყოფება. გიორგი გახარია საარჩევნო პროცესს ადგილზე აკვირდება. მინისტრის ავტომობილი და დაცვის წევრები სენაკში იმყოფებიან, თუმცა თავად გახარია ერთ-ერთი ვერსიით სხვა მანქანით ზუგდიდში გადაადგილდება და იქ აკვირდება პროცესს. სავარაუდოდ მასთან ერთად იმყოფება მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძეც.
„დღევანდელ დღეს იმ რისკებიდან გამომდინარე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აფიქსირებს, საპოლიციო ძალები გადაადგილდებიან მთელი ქვეყნის მასშტაბით. რაც შეეხება ზუგდიდს, ზუგდიდში არის ზედმეტი კონცენტრირება დამკვირვებლების რაოდენობის, რომელიც უპრეცენდენტოა ამ ქალაქისთვის და საერთოდ საარჩევნო სისტემისთვის , ამიტომ ჩვენი ყურადღება ზუგდიდთან მიმართებაში არის საკმაოდ კონცენტრირებული. სწორედ ამიტომ, აბსოლუტური პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ყველა ის შემთხვევა, იქნება ეს პროვოკაციები თუ უბრალო სამართალდარღვევა, პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება იქნება განურჩევლად მხარეებისა აბსოლუტურად მკაცრი და სწრაფი. ისევე, როგორც მოვახდინეთ იმ შემთხვევის დროსაც, როდესაც მოხდა გასროლა. მიმდინარეობს გამოძიება, მე როგორც ვიცი, ეს არ იყო საბრძოლო იარაღი. ეს პიროვნება, როგორც ვიცი, დაკავებულია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.