ვარკეთილში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული შსს-ს თანამშრომლის, ზურა ფოფხაძის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, რომ ბრალდებული ცემის ფაქტს აღიარებს.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა, მან ბრალდებული დროებითი დაკავების იზოლატორში მოინახულა, რომელმაც მომხდარის შესახებ მოუყვა.
“გუშინ მქონდა კომუნიკაცია დროებითი მოთავსების იზოლატროში ამ პირთან. ის აღიარებს ფაქტს, რაც მოხდა – მან სცემა, დაარტყა, მაგრამ ამას ჰქონდა სხვა პერიპეტიები. შემთხვევა მოხდა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე, სადაც ბრალდებული მეგობართან ერთად იმყოფებოდა ახლობლის სასაფლაოზე და როდესაც დაბრუნდა, მის მანქანაში იყო ორი პიროვნება, რომელიც ცდილობდა ამ მანქანის წაყვანას არა ფარულად, არამედ აშკარად. შემდეგ თავისთავად ბრალდებული ეცადა, რომ გადმოეყვანა ეს პირები საკუთარი მანქანიდან, მაგრამ როგორც ბრალდებული ამბობს, ისინი იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. მათ ბუნებრივია, გაუწიეს წინააღმდეგობა, შემდეგ მოხდა გაწევ-გამოწევა. ამ პირებმა მაინც მოახერხეს მანქანის გაყვანა, დაახლოებით 15 მეტრი გაიარეს და ბოძს დააჯახეს. ცხადია, ესენი გაეკიდნენ. პირი, კანონიერად იბრუნებდა ნივთს, ამას მოჰყვა ცემა და ჩვენდა სამწუხაროდ, სავალალო შედეგი დადგა”, – განაცხადა ადვოკატმა.
ის უარყოფს ინფორმაციას, რომ ნაცემი პირი სასაფლაოზე დატოვეს. ადვოკატის თქმით, დაშავებული სახლში წაიყვანეს და მდგომარეობის გართულების შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო.
ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილმა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
სასამართლო სხდომის პარალელურად სასამართლოში გარდაცვლილი ახალგაზრდას დედა მივიდა. გარდაცვლილის დედის თქმით, მას არ აინტერესებს, რას შეუფარდებენ დაკავებულს, რადგან მას “თავის მოკვლას” ურჩევს, სხვა შემთხვევაში კი აცხადებს, რომ არ გაახარებს.
საქმეზე მორიგი წინასასამართლო სხდომა 24 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა 2 იანვარს, ღამის საათებში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ე.წ. „დამპალოს სასაფლაოს“ ტერიტორიაზე მოხდა. პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს, ბრალდებულმა ზ. ფ.-მ მ. წ.-ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.