“შურს ვიძიებ” – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მუქარა ოპოზიციას

{{ARTICLEIMAGE}}
“პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას,”განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლისადმი მიმართვისას.
თორნიკე რიჟვაძის ვიდეომიმართვა აჭარის მტავრობის თავმჯდომარის ვებგვერდზე გავრცელდა. 

“ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები, სცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა, ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. პირადად ვაცხადებ, რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება. არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ, არც მერკანტილურ ვაჭრობას. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ, რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება ვერც მერკანტილური, ვერც პოლიტიკური”, თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

შეგახსენებთ, “გაერთიანებული ოპოზიციის” ერთ-ერთმა წევრმა, ჯელალ ქიქავამ 7 დეკემბერს ტელეკომპანია “პირველის” ეთერში მოსახლეობის რევოლუციურ განწყობაზე ისაუბრა.

“სახელმწიფოში რევოლუციის სუნი დგას… კრიმინალები და პოლიციის “ნასედკები” დააყენეს უბანზე და “სემიჩკას” აჭმევდნენ ერთად. 300 წელი ყივჩაღები აუპატიურებდნენ აჭარლებს, ცოლებს, შვილებს იპარავდნენ, მუსლიმანობას აღებიებდნენ და აჭარლები გარეთ არ გამოსულან. ამათ 6 თვეში იმდენი გააკეთეს, რომ აჭარლები გამოიყვანეს გარეთ და კინაღამ თავისი ქალაქი გადააწვევინეს…”,თქვა “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრმა.