ნანა კოსტავას თქმით, მისი პოსტის გამო, ოჯახმა დიდი დარტყმა მიიღო.
„ძალიან განერვიულებული ვარ, ლამის გადავყევი ამ ამბავს. აღარანაირ თანამდებობას აღარ ვიკავებ, არც ფრაქციის ხელმძღვანელი ვარ და არც გენდერული საბჭოს წევრი, ერთადერთი, რაც მაჩერებს ჩემი ერთგული ამომრჩეველია, რომელიც იმაზე მეტია, ვიდრე მერიასთან დგას. მე, რომ „ოცნების“ გვერდით დავდექი, მაშინ ბარე ორს ეშინოდა. ერთ-ერთმა პირველმა „ქართული ოცნების“ მაიკა მე ჩავიცვი, ის მაისური სხვათასორის ბერამ მაჩუქა. ძალიან მიყვარს ეს გუნდი და არასოდეს ვიქნები ამ გუნდის მოღალატე და ყოველთვის ვიბრძოლებ მათთან ერთად. მე დავუშვი შეცდომა და თანაგუნდელები უხერხულში და გამოუვალ მდგომარეობაში ჩავაყენე. დამიცვან ვაი, არ დამიცვან და ვუი.
ოჯახმა დიდი ბულინგი მიიღო, ჩემმა 11 წლის ბავშვმა მითხრა – დედიკო გვარი რომ შევიცვალო არ შეიძლება, არ მინდა ბოროტი ქალის შვილობაო“ , – განაცხადა ნანა კოსტავამ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
ნანა კოსტავამ ფეისბუქზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!” საკრებულოს წევრის მიერ ვიდეოს ამ კომენტარით გაზიარება იმ დროს მოხდა, როდესაც მას 16 წლის და ტრაგიკულად დაეღუპა. მოგვიანებით კოსტავამ პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა.
საზოგადოების დიდი ნაწილი კოსტავას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს.