სიჩქარის გადაჭარბებაზე სანქციები მკაცრდება. მძღოლებს მართვის მოწმობაზე ქულები ვიდეოჯარიმებითაც დააკლდებათ.
შსს-ს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევა, მართვის მოწმობაზე მიბმულ ქულათა სისტემაზე აისახება.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამკაცრებული რეგულაცია მხოლოდ სიჩქარის გადაჭარბებაზე გავრცელდება.
როგორც ცნობილია, კამერებით მძღოლის იდენტიფიცირება არ მოხდება და სამართალდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში ქულები მართვის მოწმობაზე იმ პირს ჩამოაკლდება, ვის სახელზეც იქნება რეგისტრირებული ავტომანქანა.
ჯერჯერობით უცნობია, ქულების რა რაოდენობა გამოაკლდებათ მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში.
საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ განსახილველად მთავრობას უნდა წარედგინოს, შემდეგ კი ამ ინიციატივაზე საკანონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ.