სიძულვილის ენის გამო თანამდებობიდან გადაყენებული ქართული ოცნების წევრი ქუთაისის საკრებულოს ორშაბათს დატოვებს

ქუთაისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ნანა კოსტავა აცხადებს, რომ ქუთაისის საკრებულოს ორშაბათს, 3 ივნისს დატოვებს. 

“მე არ ვარ სკამზე მიჯაჭვული პიროვნება. არც ხელფასი, არც სკამი, არც არანაირი პოპულარობა არ მიღირს არაფრად”, — ამბობს კოსტავა და აზუსტებს, რომ ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილებაა.

ნანა კოსტავას ამ გადაწყვეტილებამდე დღეს დილით ფრაქციის თავმჯდომარის პოსტი მისივე ფრაქციამ დაატოვებინა. მიზეზი სკანდალია, რომელშიც ქართული ოცნების წევრი ფეისბუქ სტატუსის გამო აღმოჩნდა ჩართული. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოციალური მედიის მენეჯერის, სალომე ბარკერის ვიდეო გააზიარა წარწერით – “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“. პოსტი მან მას შემდეგ დადო, რაც სალომე ბარკერის და, 16 წლის სკოლის მოსწავლე ექსკურსიის დროს ლაგოდეხში, მდინარის დინებამ წაიღო და მრავალსაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვნეს.

ნანა კოსტავას სტატუსმა საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ სალომე ბარკერის დის გარდაცვალების შესახებ არ იცოდა, თუმცა მისი ეს განცხადება სარწმუნო არავისთვის აღმოჩნდა, მათ შორის მისივე თანაგუნდელებისთვის, რომლებიც სიძულვილის ენას გაემიჯნენ. 

დღეს ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადაყენების გარდა ნანა კოსტავა ქუთაისის გენდერული თანასწორობის საბჭოდანაც გარიცხეს.