სინგაპურიდან წამოსულ მოგზაურს ველოსიპედი თბილისში მოპარეს

ბრიტანელ მოგზაურ როუან კემპბელს, რომელიც სინგაპურიდან დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებოდა, თბილისში ველოსიპედი მოპარეს. ამის შესახებ მოგზაურმა ჯგუფ Spend 4 Seasons in Georgia-ში დაპოსტა.

,,აქამდე მოსასვლელად, ერთი წლის განმავლობაში 11 ქვეყანა გამოვიარე და 7500 კილომეტრი გადავლახე და მინდა გავაგრძელო მოგზაურობა! მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ ეს დასასრულს ნიშნავს. თუ ვინმემ სადმე ნახეთ ჩემი ველოსიპედი, გთხოვთ გამაგებინოთ. გმადლობთ!”,- წერს მოგზაური.

კემპბელის თქმით, მან უკვე მიმართა პოლიციას, თუმცა მათ არ აქვთ ველოსიპედის პოვნის დიდი იმედი, რადგან ჰოსტელი C2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც ველოსიპედი მოიპარეს, კამერები არ არის.

მოგზაური სოციალურ ქსელში მადლობას უხდის ყველას, ვინც ახალი ველოსიპედისთვის ფულის შეგროვება შესთავაზა. მას იმედი აქვს, რომ თავის ველოსიპედს იპოვის და ახლის ყიდვა საჭირო არ გახდება.