“სირცხვილია“–ს ორგანიზატორები უარყოფენ ინფორმაციას 2020–ის არჩევნებში მათი მონაწილეობის შესახებ

კამპანია “სირცხვილიას“ ორგანიზატორები უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ისინი პოლიტიკურ ძალად გარდაქმნას და არჩევნებში მონაწილეობას გეგმავენ. ეს ინფორმაცია მედიაში გავრცელდა. აქციების ორგანიზატორებმა უარყოფა ფეისბუქით გამოაქვეყნეს.

შოთა დიღმელაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა:

“გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ვაფუძნებთ სამოქალაქო მოძრაობას და ვღებულობთ მონაწილეობას 2020 არჩევნებში. არ ვიცი საიდან მოვიდა ეს ინფორმაცია. სამოქალაქო მოძრაობა უკვე ვართ, ფორმალურ ხასიათის მიცემის საჭიროება კი ჯერ არ დამდგარა, თუ დადგება, რეესტრსაც ჩავრთავთ.

#სირცხვილია არის სამოქალაქო საზოგადოების კამპანია და დარჩება ასე. ჩვენ არ გვინდა პარტიებთან კონკურენცია, გვინდა ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი მინიმუმის გარშემო, რომ სასამართლო უსამართლო არ უნდა იყოს; რომ ბიუჯეტიდან ფული არ ტყდებოდეს პარტაქტივის საკვებად; რომ მოქალაქეებზე ნადირობის მოწყობას აქვს პოლიტიკური ფასი; რომ სახელმწიფოს შტოები ერთმანეთის მაკონტროლებლები უნდა იყვნენ და არა თანამზრახველები; რომ არ გვინდა ერთპიროვნული მმართველობა და ა.შ.

ამ ტრუიზმებზე, რაც გვჭირდება საიმისოდ, რომ ტანამედროვე სახელმწიფო გვერქვას, ყველა პარტიისა და იდეოლოგიის ადამიანი შევთანხმდებით. ხოლო ამის უზრუნველყოფის შემთხვევაში ყველა ვარიანტში უკეთეს ქვეყანაში ვიდავებთ იმაზე, რაც განგვასხვავებს. მანამდე ჩვენ გვრჩევნია მტრებში მოკავშირეები ვეძებოთ და არა მოკავშირეებში მტრები.

ამ ხელისუფლებას ჰქონდა შანსი ესმინა ჩვენი ხმა, მაგრამ მან ჩათვალა, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან კომპრომისი სისუსტეა და არა ძალა და თავისი ლეგიტიმაცია ძალოვნებს დააყრდნო, შექმნა ბოტების და ტროლების ალტერნატიული რეალობა, რომლისაც თავად იწამა. ესაა რუსული პრიმიტიული, მაგრამ მუშა ფორმულა.

შესაბამისად 2020მდე ჩვენ ვიზრუნებთ იმაზე, რომ მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი პროპორციულ არჩევნებზე ქართული ოცნების წინაარღმდეგ. ჩვენ მივიღეთ გამოწვევა და ოცნება დამარცხდება. მაგრამ მთელი ამ პროტესტის ძალა იმაშია, რომ ეს არის გამსხვავებული ადამიანების ბრძოლა და არა პარტიული ბრძოლა.

ჩვენ არ ვიბრძვით ძალაუფლებისთვის, ჩვენ ვიბრძვით ძალაუფლების წინააღმდეგ.

20 სექტემბერს ჩვენ დავდგებით ერთად – ერთის წინააღმდეგ. ჯერ ამ ერთის, ხოლო შემდეგ უკვე პროპორციული არჩევნები გვაძლევს გარანტიას, რომ ერთპიროვნული მმართველები ამ ქვეყანას აღარ ეყოლება. ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ცივილიზებული პოლიტიკის წარმოება, რომელიც კომპრომისებსა და კონსენსუსებს ეფუძნება. საქართველოს ვეღარც ერთი პიროვნება და პოლიტიკური ძალა ვერ მიიტაცებს და ეს სწორედ საზოგადოებრივი დაკვეთაა და არა – პარტიული.

20 სექტემბერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება წითელ ბარათს უჩვენებს ივანიშვილს. სხვა სამიზნე უკვე აღარც არსებობს. სხვა სამიზნეების მიმართ მოთხოვნების შესრულებას ვადა გაუვიდა. 3 თვე ჰქონდათ მოსასმენად. ერთმმართველობას უარს ეტყვის მთელი სამოქალაქო საზოგადოება.“– წერს დიღმელაშვილი.

არჩევნებისთვის მზადებას უარყოფს აქციების კიდევ ერთი ორგანიზატორი, ნოდარ რუხაძე:

“მეგობრებო, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენი საორგანიზაციო ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს 2020 წლის არჩევნებში არის სიცრუე.

ძვირფასო ჟურნალისტებო, საპარლამენტო არჩევნებში დავამარცხებთ ივანიშვილს ნიშნავს იმას, რომ ყველანაირ ძალისხმევას გამოვიყენებთ ქართული ოცნების დასასუსტებლად.

სამოქალაქო მოძრაობა არ ფუძნდება, ჩვენ უკვე ვარსებობთ 20 ივნისის ღამის შემდეგ.“– წერს რუხაძე ფეისბუქის გვერდზე.