სამოქალაქო პლათფორმის „სირცხვილიას“ დემონსტრანტები პარლამენტის სამივე შესასვლელის ბლოკირებას აპირებენ.
„რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო ხმამაღალი იქნება ჩვენი ხმა. მით უფრო მეტი იქნება შანსი, რომ სწრაფად მოვახდინოთ სიტუაციის განმუხტვა. აღარ არის არავითარი დალოდების დრო. ვიწყებთ ამ წუთიდან პარლამენტის სამივე შესასვლელის ჩაკეტვას, რომ ეს მოღალატეები გარეთ არ გამოვუშვათ“, – ამბობს გიგა მაქარაშვილი.
აქტივისტების პროტესტი საპარლამენტო არჩევნების შესახებ კანონპროექტის ცვლილების ჩავარდნას მოჰყვა.
პარლამენტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით, ნულოვანი ბარიერის პირობებში, ჩატარებასთან დაკავშირებით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები: თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი საპარლამენტო უმრავლესობასა და თანამდებობებს ტოვებენ.
იმისთვის, რომ ცვლილებები დამტკიცებულიყო 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. დეპუტატებმა სხდომაზე რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს. სხდომას 141 დეპუტატი ესწრებოდა.
კენჭისყრამდე პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, სადაც პოზიციებზე ისევ ვერ შეჯერდნენ.
ოპოზიციის განცხადებით, აქციები გარდაუვალია.
უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს ნულოვანი ბარიერის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელია საკონსტიტუციო ცვლილებები. ნულოვანი ბარიერით არჩევნების ჩატარება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს იგეგმებოდა, თუმცა 20-21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შემდეგ, პარტია ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.