სისხლიანი დაპირისპირება არასრულწლოვნებს შორის

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, რომელმაც ასევე 2 არასრულწლოვანს სხეულზე მრავლობითი დაზიანებები იარაღით მიაყენა.
შსს ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ 2 მარტს, თბილისში ჭყონდიდელის ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის დროს 2002 წელს დაბადებულმა ბ.მ.-მ ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა არასრულწლოვნებს: ნ.ჭ.-ს ლ.ფ.-ს და ნ.ყ.-ს. სამივე დაზარალებული საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, სადაც სამედიცინო მკურნალობას აგრძელებს ერთ-ერთი მათგანი, ხოლო ორი არასრულწლოვანი პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ კლინიკიდან გაეწერა.
პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა არასრულწლოვანი ბ. მ. მან აღიარა ჩადენილი დანაშაული. დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 120-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს. – ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.