დავით გარეჯში ჩასული ადამიანები, საქართველოს დროშებით ხელში, ჩიჩხიტურის მაღლობზე ავიდნენ და ისტორიულ კოშკის გარშემო ერთად დადგნენ. სამონასტრო კომპლექსში ჩასული სასულიერო პირები, მომლოცველები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს ერთად იცავენ კომპლექსს. მათი თქმით, სურთ საქართველოს ხელისიფლებას, მეზობელ აზერბაიჯანსა და საერთაშორისო საზოგადოებას ამ აქციით კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ გარეჯი საქართველოს განუყოფელი ნაწილია და მის დათმობას საქართველოს მოქალაქეები არ აპირებენ.
დავით-გარეჯში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი რომელიც გარეჯში აქციას შეუერთდა.
„მე საქართველოს შვილი ვარ, სადაც ქართველი ხალხია, იქ უნდა ვიყო. კი მართალია, მე ჩემი ბრძოლა მაქვს, ჩემი ტკივილიც, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვიქნები იქ, სადაც იქნება ქართველი ადამიანი. საფრთხის წინაშე დავით გარეჯი არ იქნება, სანამ იქნებიან ასეთი ადამიანები და პლუს ამას კიდევ, აქ ამ ადამიანებს კი არ უნდა უწევდეთ დაცვა დავით გარეჯის, ეს დავით გარეჯია, ეს საქართველოა, ხელისუფლებაში უნდა იცოდნენ, რომ ეს ხალხი ამ დღეში არ ჩაყარონ და სისხლითაც, ღონითაც, სიძლიერითაც რომ დაიცვან ეს ტერიტორია,“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი