საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეს ეხმაურება. პოსტს „პრაიმტაიმის“ უცვლელად გთავაზობთ.
„აი ამ ქალმა მარიანა ჩოლოიანმა, მისმა უფროსმა მინისტრმა გომელაურმა და სისტემამ მოკლა 15 წლის ლუკა სირაძე. მანამდე გამოაძვრინეს ხორავას ქუჩის მსხვერპლთა და მაჩალიკაშვილის მკვლელები. ეს არ გაჩერდება სანამ ხელის დაფარება არ შეწყდება და ყველა იდიოტს ვინც ამ სტატუსს უპასუხებს 9 წლის შეხსენებით ვურჩევ კარგად მიმოიხედოს აქეთ-იქით და იქნებ მიხვდეს თუ რა უბედურებაში ამოაყოფინა თავი ქვეყანას და საკუთარ თავსაც. საქართველოში უნდა გათენდეს!
ჩემი როგორც მშობლის გულრწფელი სამძიმარი ლუკა სირაძის ოჯახს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
10 დეკემბერს, „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდი პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. მოზარდი დღეს საღამოს გარდაიცვალა.
ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა.