“სიტყვის თავისუფლების პირდაპირი და პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვა.” – ასე ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ტვ პირველისთვის და კავკასიისთვის ინკასოს დადებას.
“ამ ხელისულფებამ დაანგრია სარეკლამო ბაზარი და პრაქტიკულად შანსი არ დატოვა ტელევიზიის თვითდაფინანსების. ფორმულა მარტივია: თუ ივანიშვილი არ გაფინანსებს, გადასახადებს ვერ გადაიხდი.
ამიტომაც, აუცილებელია გამოცხადდეს მრავალწლიანი მორატორიუმი ტვ ინდუსტრიაში გადასახადების გადახდაზე. სხვა გზა არაა. მანამდე ნებისმიერი საგადასახადო შეზღუდვა, არის სიტყვის თავისუფლების პირდაპირი და პოლიტიკურად მოტივირებული შეზღუდვა.
რაც შეეხება რ2ს, მან გადასახადები დააგროვა ხელისუფლების პირდაპირი ბრალეულობით და ასევე მისი დღევანდელი მფოლბელის, ქიბარ ხალვაშის უშუალო და გადამწყვეტი მონაწილეობით. მიუხედავად ჩემი დღევანდელი დამოკიდებულებისა და იმის, რომ ხალვაში ყველაფერს იმსახურებს, რ2ზე დადებული ინკასო არის უსამართლო და მოტივირებული შევიწროება.
ჩემი სრული მხარდაჭერა ტვ პირველს და კავკასიას!”- წერს გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „კავკასიას“ ინკასო დაედო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანიის დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ადასტურებს. ჯანგირაშვილის განცხადებით, ინკასოს დადება ტელევიზიის გაჩერებას ნიშნავს, რადგან კომპანია საბანკო გადარიცხვებს ვეღარ შეასრულებს. ფინანსთა სამინისტრომ ტელეკომპანიებს მიმდინარე დავალიანებების დასაფარად 1 დღიანი ვადა მისცა. ტელეკომპანია „კავკასიას”პოზიციაა, რომ ისინი დავალიანებას არ გადაიხდიან მანამ,სანამ ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობლი მედიასაშუალებები არ დაიწყებენ დაგროვილი დავალიანებების გადახდას.
არსებული ინფორმაციით, სამი ტელეკომპანიის “რუსთავი 2-ის”, “მაესტროსა” და “იმედის” ჯამური დავალიანება 55 მილიონ ლარს შეადგენს.