სკანდალური კადრები ციხის საკნიდან – ვიდეო, რომლის მიხედვითაც რურუას დნმ ძალის გამოყენებით აიღეს

გიორგი რურუას საკნიდან გამომძიებლებმა დნმ-ისთვის ნივთები ძალის გამოყენებიტ აიღეს. ამის ამსახველ ვიდეოს ტელეკომპანია “მთავარი არხი” ავრცელებს. 

2020 წლის სამი იანვრით დათარიღებულ ვიდეოში ჩანს, რომ რურუას რამდენიმე ადამიანი აკავებს, რა დროსაც ერთ-ერთი გამომძიებელი საკნიდან იღებს ბალიშის პირს, კბილის ჯაგრისს, თეთრეულსა და პირსახოცს.

როგორც რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, ამ კადრებიდან იკვეთება, რომ ოქმი არ შემდგარა და არც მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის არ გადაუციათ რაიმე დოკუმენტი.

“აქამდე ჩვენ ვამტკიცებდით, რომ 18 ნოემბერს, გიორგის დაკავების დღეს, გააყალბეს პირადი ჩხრეკის ოქმი და ასეთი ოქმი ადგილზე არ შედგენილა იმიტომ, რომ ასეთი ჩხრეკა არ მომხდარა და პოლიციის შენობაში მოხდა ოქმის შევსება. აქამდე ეს პოზიცია დასტურდებოდა მხოლოდ ლოგიკური არგუმენტებით. ახლა გვაქვს ვიდეომტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ სხვა შემთხვევაში, 3 იანვარს პოლიციამ გააკეთა ის, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრეტენზიას გამოვთქვამდით”,განაცხადა საძაგლიშვილმა.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. მისი უფლებადამცველი და პარტნიორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ გიორგი რურუას იარაღი ჩაუდეს. დაკავებული ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ იარაღი მას საერთოდ არ უნახავს.