{{ARTICLEIMAGE}}
“რაც შეეხება გუნდურობას, ამაზეც მყარი არგუმენტები მაქვს – არ ვარ ის ადამიანი,რომელსაც ესწავლება, რა არის გუნდის შეხიდება. თუმცა ყველამ უნდა დავინახოთ განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხებსა და შიდაპარტიულ ურთიერთობას შორის”, ამბობს ეკა ბესელია.
“ამ სხდომისთვის ჩამოვედი ამ დილით და მაქვს საქმიანი განწყობა და მოლოდინი, რომ სხდომაზე, რომელიც ამ ფორმატით დეკემბრის შუა კვირის შემდეგ პირველად იმართება, გაიმართოს საგნობრივი, შინაარსობრივი, არგუმენტირებული მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვან და სახელმწიფოებრივ საკითხზე – როგორიც არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა და სასამართლო რეფორმის საკითხი. მე ვარ მზად, რომ ჩემი პოზიციები, რომელიც არის ძალიან პრინციპულ, გავუზიარო ჩემს კოლეგებს და ვუთხრა არგუმენტები, რატომ არ შეიძლება იმ სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. იმედი მაქვს, რომ სწორედ ასეთი – არგუმენტებით სავსე შეხვედრა იქნება დღეს და მინდა დავიტოვო იმის იმედიც, რომ შევჯერდებით საერთო პოზიციაზე”,განაცხადა ეკა ბესელიამ შეხვედრის დაწყებამდე.
კომენტარი ასევე გააკეთა ბესელიას თანამოაზრემ ლევან გოგიჩაიშვილმა:დღეს შევეცდებით, დავარწმუნოთ ჩვენი კოლეგები, რომ სასამართლო ამ ქვეყნისთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ჩვენ გვჭირდება მოსამართლეები, რომლებიც იქნებიან მაღალი ზნეობის მატარებელი ადამიანები; თითით საჩვენებელი ადამიანები; რომელთა ზნეობრივი კრიტერიუმი და მორალური მხარე იქნება აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის და რომელსაც ეს ადამიანები ვერ აკმაყოფილებენ – ვისაც გონია, რომ ეს მოსამართლეები გამოსწორდნენ და მერე რა მოხდა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი მსჯელობა. ეს არის კონფლიქტი იმ ამომრჩევლის დაკვეთასთან, რომლის მემკვიდრეობაც არის დღევანდელი პარლამენტი. ეს საკითხი არის წყალგამყოფი. დავარწმუნებთ ჩვენ კოლეგებს, რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება არის ღია კონფლიქტი საზოგადოებასთან”.
რაც შეეხება სხდომაზე განსახილველ საკითხებს, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ორი დღის წინ აცხადებდა: “საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომაზე მსჯელობა გვექნება პრეზიდენტის მოხსენებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე, საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე, ვიმსჯელებთ პარლამენტის თავმჯდომარის წლიურ მოხსენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით და კომიტეტების მუშაობის ანგარიშებთან დაკავშირებით”.
მედიას ასევე აქვს მოლოდინი, რომ სხდომაზე შესაძლოა, მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებები განიხილონ, თუმცა არჩილ თალაკვაძე ამ შესაძლებლობას არ უშვებს.