26 მარტს, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სპეციალური ანგარიში წარადგინა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ.
ანგარიშის მიხედვით, ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირება ია კერზაიას მიმართ განხორციელებული პოლიტიკური დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავდა.
ორგანიზაცია ინსპექტირების ბუნდოვან კრიტერიუმებსა და შემოწმების წინასაარჩევნო გარემოში განხორციელებაზე ამახვილებს ყურადღებას.
საქმის ირგვლივ არსებული გარემოებების შემოწმებისა და მათი შეფასებიდან გამომდინარე „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებულ ინსპექტირებაში, სავარაუდოდ, იკვეთება პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნები. მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე.ანგარიშში ISFED ყურადღებას ამახვილებს ინსპექტირების მარეგულირებელ აქტებში ბუნდოვან კრიტერიუმებზე, ინსპექტირების დაწყების ბუნდოვან საფუძველზე, ინსპექტირების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საეჭვო ვადებზე, ინსპექტირების პროცესუალურ დაღრვევებზე. გარდა ამისა, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ინსპექტირების დაკსვნაში მოყვანილი შეფასებები გადაჭარბებულია, ხოლო გაცემული რეკომენდაციები ვერ პასუხობს სკოლის წინაშე მდგარი რეალური გამოწვევების გადაწყვეტას.
„სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ 2018 წელს სამინისტრომ ჯამში 7ინსპექტირება განახორციელა, რომელთაგან 6 ნოემბრის თვეში – საპრეზიდენტო არჩევნების პირველსა და მეორე ტურს შორის პერიოდში ჩატარდა. სამინისტროში ნოემბრის თვეში ჩატარებული ინსპექტირებებიდან – 3 სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკოლებში განხორციელდა. ამასთან, 8 ნოემბერს სამინისტროში განცხადებები ერთდროულად 3 სკოლის შესახებ შევიდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ზუგდიდის #6 საჯარო სკოლა იყო. სამივე მათგანთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ინსპექტირების დაწყებაზე გადაწყვეტილება იმავე დღეს – 8 ნოემბერს მიიღო. იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტროს 2018 წლის თებერვლის შემდეგ ინსპექტირების ჩატარების არცერთი გადაწყვეტილება არ მიუღია, გაუგებარია, როგორ მოხდა სამი სხვადასხვა სკოლის ინსპექტირების შესახებ გადაწყვეტილების ერთ დღეში მიღება, რაც ძალიან მცირე დროს წარმოადგენს სამინისტროს მსგავსი დაწესებულებისთვის განცხადების შესასწავლად და მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად.
საეჭვო ვადების გარდა, ბუნდოვანია ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების დაწყების საფუძველიც. არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ არ არსებობს მოქალაქე, რომლის სახელით,გვარითა და მისამართით სამინისტროში შევიდა განცხადება ზუგდიდის #6 სკოლის დირექტორის წინააღმდეგ. იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრომ ჩაიბარა და ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო განცხადებაზე, რომელიც არ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით სავალდებულოდ დადგენილ რეკვიზიტებს, იკვეთება სამსახურებრივი გულგრილობის ნიშნები. მეორე მხრივ, თუ განმცხადებელი მოქმედებდა სხვისი სახელითა და გვარით და განცხადებაზე გააყალბა ხელმოწერა, მისი ქმედება წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. თუ სამინისტრომ ანონიმური განცხადების საფუძველზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და მის საფუძველზე ჩაატარა სკოლაში ინსპექტირება, ეს ქმედება ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრულ იმპერატიულ მოთხოვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს ჩატარებული ინსპექტირების კანონიერებას.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების, მათ შესახებ ია კერზაიას მიერ ინსპექტირების დაწყებამდე შესაბამის უწყებებთან გაგზავნილი წერილების და ინსპექტირების შემდეგ სამინისტროში წარდგენილი ახსნა-განმარტების ბარათის შესწავლა ცხადყოფს, რომ გამოვლენილი დარღვევებიდან: სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემების შესახებ ინსპექტირების დაწყებამდე თავად სკოლის დირექტორი ითხოვდა დახმარებას; ქონების განკარგვის საკითხში იჯარის ხელშეკრულებებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოფხვრა უკვე დაწყებული იყო; ლიცენზიის მოქმედების ვადაგასულ აუდიტორულ ფირმასთან თანამშრომლობის საკითხი კი არ წარმოადგენდა უნიკალურ პრობლემას მხოლოდ ზუგდიდის #6 სკოლისთვის, რადგან სამეგრელოს რეგიონის სკოლების დიდი ნაწილი იმავე ფირმის აუდიტის მოსმსახურებით სარგებლობდა, მათ შორის ზუგდიდის #6 სკოლაში ინსპექტირების შემდეგაც – 2019 წლის იანვარში. ამასთან, ინსპექტირების სამსახურის დასკვნაში გათვალისწინებული არ არის სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტება ინსპექტირების პროცესში გამოვლენილი დარღვევების აღმოსაფხვრელად სკოლის მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე.
ინსპექტირების დასკვნასთან დაკავშირებით, „სამართლიანი არჩევნები“ აღნიშნავს, რომ დოკუმენტის ტონი და გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებულია სკოლაში აღმოჩენილი დარღვევების დრამატულად წარმოჩენაზე. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად ცალსახად იკვეთება, რომ სამინისტროს შიდა აუდიტის ინსპექტირების სამსახურის დასკვნა და მის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები ორიენტირებული არ არის სკოლის, როგორც სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის შესრულების გაუმჯობესებაზე, რაც შიდა აუდიტის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს არ შეესაბამება. შიდა აუდიტმა აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით საკუთარი რეკომედაციებით შესაბამის თანამდებობის პირებს დახმარება უნდა გაუწიოს ეფექტური კონტროლის გაძლიერების მექანიზმების დანერგვაში, რაც ამ შემთხვევაში არ მომხდარა. ამის სანაცვლოდ, ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, დაფიქსირებული დარღვევების საფუძველზე სამეურვეო საბჭოს უნდა ემსჯელა სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის შესახებ. აღნიშნული რეკომენდაცია მიმართული არ არის დარღვევების გამომწვევი მიზეზების მოგვარებისკენ და ის ორიენტირებულია მხოლოდ სკოლის და მისი დირექტორის დასჯაზე.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ასევე ის სამართლებრივი აქტები, რომლითაც საჯარო სკოლებში ინსპექტირების პროცესი რეგულირდება. აღმოჩნდა, რომ შიდა აუდიტის დებულებით არ არის დადგენილი ის ძირითადი სტანდარტები, მეთოდოლოგია და ვადები, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი ხელმძღვანელობს ინსპექტირების პროცესში. ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ საჯარო სკოლების ინსპექტირება ბუნდოვან კრიტერიუმებზეა დაფუძნებული, რაც ფართო დისკრეციას უტოვებს ინსპექტირების განმახორციელებელ პირებს.
#6 სკოლაში სამინისტროს მიერ ჩატარებული საეჭვო ინსპექტირების გარდა #7 საჯარო სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელზე, ნათელა ხორგუანზე სავარაუდოდ ზუგდიდის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის მიერ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა და მისი სამსახურიდან გათავისუფლება, სოფელ კორცხელის საჯარო სკოლაში პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა და „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიერ ამავე მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში აღმოჩენილი ე.წ. “მხარდამჭერთა სიების“ შეგროვების პროცესი ნათლად მიუთითებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი და მეორე ტურების წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკური ნიშნით ზეწოლას და მუქარას სისტემური ხასიათი ჰქონდა.
აღნიშნული გარემოებების შესწავლის შედეგად, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:
მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიებაზუგდიდისსაგანმანათლებლო რესურს ცენტრის, კახაბერ ფარცვანიას მიერ 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციის ნიშნით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე;
დროულად, სრულყოფილად და საფუძვლიანად გამოიძიოს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების ფაქტი და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაული.
საქართველოსგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს:
შეიმუშავოს ინსპექტირების სტანდარტები და მეთოდოლოგია, რომლითაც შიდა აუდიტის დეპარტამენტი საჯარო სკოლებში სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლისას ისარგებლებს. აღნიშნული აუცილებელია ინსპექტირების კანონიერად და ობიექტურად განსახორციელებლად, რაც გაზრდის ინსპექტირების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ ნდობას და ასევე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხს;
წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, თავი შეიკავოს სკოლებში ინსპექტირების განხორციელებისგან.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ ზუგდიდის #6 სკოლაში განხორციელებული ინსპექტირების შესახებ ანგარიში მოამზადა საქართველოს განათლების, მეცნეიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან საჯარო ინფრომაციის გამოთხოვის, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და ინსპექტირების პროცესში არსებული წარმოების მასალების ანალიზის, ასევე, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის თანამშრომლებთან ინტერვიუების საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ „სამართლიან არჩევნებს“ საჯარო ინფრორმაცია კანონით დადგენილი ვადების დარღვევით მიაწოდა და ნაწილი ინფორმაციის მიღება შესაძლებელი გახდა მხოლოდ სასამართლოსადმი მიმართვის შემდეგ.