2019-2020 სასწავლო წლიდან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ სკოლებში ადაპტირებული ვერსიით დაბრუნდება და არსებულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსი გახდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ ვარიანში ლაქერნობის დღესასწაულთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
ბახტაძის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან ყველა პირველკლასელი “დედა ენას” უფასოდ მიიღებს.
“სექტემბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის დედაენა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და მინდა მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც შეძლო რომ ჩვენ დაგვებრუნებინა სკოლებში იაკობ გოგებაშვილის დედაენა. სექტემბრიდან ყველა პირველ კლასელი დედაენის წიგნს მიიღებს უფასოდ. და დარწმუნებული ვარ ჩვენი ბავშვები, ისევე როგორც მომავალი თაობები შემდეგი თაობების განმავლობაში, ისევე შეიყვარებენ ქართულ დედაენას, როგორც უყვარდათ ჩვენს წინა თაობას და როგორც გვიყვარს ჩვენ,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ
სახელმძღვანელოს ადაპტირებული ვერსია საქართველოს პარლამენტის ინიცირებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ბრძანებით შექმნილმა ექსპერტთა სპეციალურმა კომისიამ შეიმუშავა და მას ყველა საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლე უფასოდ მიიღებს.
ქართული საანბანე სახელმძღვანელოს შედგენის იაკობ გოგებაშვილისეულ მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2013 წელს მიენიჭა, ხოლო ეროვნული კატეგორია 2014 წელს განესაზღვრა.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონის საფუძველზე, სამინისტრომ ქართული საანბანე სახელმძღვანელო იაკობ გოგებაშვილისეული მეთოდით მოამზადა. იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, შეიქმნა ისეთი სახელმძღვანელო, რომელიც, ერთი მხრივ, ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, ხოლო, მეორე მხრივ კი, სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეფუძნა.
იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ უკანასკნელი გამოცემის ადაპტირება მოხდა ისე, რომ შენარჩუნდა ავტორის ძირითადი მეთოდები, პრინციპები, მასალა და თანამედროვეობას დაუახლოვდა. არქაული ლექსიკა ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა ძირითადი ლექსიკა, რაც დღესაც გამოიყენება, სახელმძღვანელოში დარჩა.