სკოლის დამამთავრებელი გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს წელსვე მოეხსნებათ

“გამოსაშვები გამოცდები” მე-12 კლასელებისთვის 2019 წლიდან უქმდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, მთავრობის პრიორიტეტია, სკოლაში განათლების მიღება.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11 კლასელებს, ხოლო 2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის. ეს იყო პრინციპულად სწორი მიდგომა, თუმცა ბუნებრივია, ჩვენ გავაგრძელეთ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები და მივიღე გადაწყვეტილება, რომ სკოლის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნათ, როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.