სკოლის გამოცდების გაუქმების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს

სკოლის გამოსაშვები გამოცდების კანონპროექტს პარლამენტი 16 აპრილს უყრის კენჭს- ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში ავრცელებს.

“გპირდებით, რომ 16 აპრილს დამთავრდება კანონის საბოლოო კენჭისყრა. შესაბამისად საატესტატო გამოცდები მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის არ ჩატარდება და კანონის დონეზე მოხსნილი იქნება დუბლირება საატესტატო და ეროვნულ გამოცდებს შორის

“აბსოლუტურად გასაგებია საზოგადოების რეაქცია და პირადად მეც მთლიანად ვიზიარებ ამ შეცდომის უაღრესად კრიტიკულ შეფასებას. აქვე მინდა დაგარწმუნოთ, რომ კანონპროექტმა უკვე წარმატებით გაიარა 5 ეტაპი – 3 საკომიტეტო და 2 პლენარულ სესიაზე განხილვა და კენჭისყრა. პროცედურულად დარჩენილია მხოლოდ 1 დასკვნითი კენჭისყრა, რომელიც დასრულდება უახლოეს პლენარულ სხდომაზე – 16 აპრილს”,- წერს ჯაში საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

5 აპრილის კენჭისყრაზე ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. ცვლილებები სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა. კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი არავინ წასულა. ცვლილებების მისაღებად საჭირო იყო 63 ხმა.
კანონპროექტის ჩავარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ღილაკების არევა ან პარლამენტში არსებული აკუსტიკური პრობლემები გახდა. კენჭისყრის შემდეგ უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რა კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს. მან სთხოვა ირაკლი კობახიძეს, საკითხი კენჭისყრაზე ხელახლა დაეყენებინათ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი ეს პროცედურულად შეუძლებელი იყო.