სოციალური მუშაკები გაფიცვას წყვეტენ და სამუშაო პროცესს უბრუნდებიან. სოციალური მუშაკების განცხადებით, მათ აღნიშნული გადაწყვეტილება ბენეფიციარების მიმართ პასუხისმგებლობის გამო მიიღეს.
“იქიდან გამომდინარე რომ სოციალური მუშაკები ვიაზრებთ საკუთარ მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობას ბენეფიციარების წინაშე, მივიღეთ გადაწყვეტილება 2019 წლის 02 აპრილიდან ვაგრძელებთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას.” ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურმა მუსაკებმა ცოტა ხნის წინ გაავრცელეს. მათი თქმით, გარკვეულ საკითხებზე შეთანხმება უკვე მიღწეულია, თუმცა გადაუჭრელ პრობლემებად რჩება ხელფასების გაზრდა და სხვა რიგი სისტემური გამოწვევები.
„შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: 1) სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან. 2) სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება. ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება 2) 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს 3) გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა. 4) დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში 5) დაიგეგმა ინსფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება. ამასთანავე 1 აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ.“
“1)შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებული არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო ჩვენ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები. 2) არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა. 3) საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.” – აღნიშნულია განცხადებაში.
სოციალური მუშაკები პროფესიული კავშირის დაფუძნებას გეგმავენ. მათი განმარტებით, დარჩენილი მოთხოვნების შესრულებაზე ისინი მოლაპარაკებების ფორმატში იმუშავებენ.
სოც მუშაკები რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოსაც შეხვდნენ, მათი თქმით, შეთანხმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ჯერ დოკუმენტურად არ გაფორმებულა.