სოციალური მუშაკები ბათუმშიც გაიფიცნენ

„სოციალური მუშაკები სისტემური ცვლილებისთვის“, „დაუცველი დამცველები“ „ზრუნვა ცარიელი ხელებით,“- ამ შინაარსის ტრანსპარანტებით საყოველთაო გაფიცვას ბათუმელი სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. აქცია ვარდების სკვერში მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და თანამშრომლების დამატებას ითხოვენ და იმ 22-პუნქტიან მოთხოვნებს უერთდებიან, რომელიც თბილისში მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე გაჟღერდა. სოციალური მუშაკების ინფორმაციით, ბევრ მათგანზე ზეწოლა განხორციელდა, რათა აქციაზე არ მოსულიყვნენ.
მათი თქმით, მუნიციპალიტეტებში სოცმუშაკები განყოფილების უფროსებმა სამსახურიდან გაშვებით დააშინეს. ერთ-ერთი სოცმუშაკი, ვინც ამის შესახებ ღიად გუშინ, 24 მარტს, ისაუბრა,ქობულეთელი  თამარ ღუნაშვილია. ის დღეს საპროტესტო აქციაზეც მივიდა. ქობულეთის სოცმუშაკებიდან აქციაზე მხოლოდ ის გამოვიდა. 

სოცმუშაკებზე სავარაუდო ზეწოლის ფაქტების შესწავლა 6-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაიწყო. მათ 25 მარტის დილით ასევე მოუწოდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყონებლივ დაიწყოს სოციალურ მუშაკებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის შემთხვევების შესწავლა.

სოცმუშაკები ამ დროისთვის გაფიცულები არიან სამ ქალაქში – ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში.