სოფელ ფოცხოში მანქანა ხრამში გადავარდა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა.
ავტომობილის მძღოლი, კიდევ ერთ პირთან ერთად, ავტოსაგზაო შემთხვევამდე სოფელ ფოცხოდან იმ იშვიათი ჯიშის მორების გატანას გეგმავდა, რომელიც პოლიციის მიერ იყო ჩამორთმეული.
ტყის მასალის დატვირთვის დროს ადგილზე პოლიცია მივიდა, თუმცა, ერთ-ერთმა პირმა გაქცევა მოახერხა, 30 წლის ბაკურ ხასაია კი ადგილზე დარჩა. ხასაიას, ამავე დანაშაულის გამო, პირობითი სასჯელი ჰქონდა მისჯილი.
ხასაიას ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ სამართალდამცავებმა ბაკურ ხასაია საჭესთან მართვის მოწმობის არქონის მიუხედავად მაინც დასვეს. მათივე თქმით, სოფელ ფოცხოდან გასვლის შემდეგ, კლდოვან გზაზე 30 წლის მამაკაცმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და ხრამში გადავარდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ეს შემთხვევა პოლიციის მხრიდან განხორცილებული დევნის გამო მოხდა.
30 წლის მამაკაცის ახლობლები პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ბაკურ ხასაიას ადგილმდებარეობის დადგენას ითხოვენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.