სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შესასვლელთან ოკუპაციის თემაზე აქცია-გამოფენას მართავენ. ისინი საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს და სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებენ.
“სოფლები საოკუპაციო ხაზთან”- ამ სახელწოდებით აქტივისტებმა ის ფოტოები გამოფინეს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდგომარეობას ასახავს. აქტივისტები ფოტოების გამოფენას პარლამენტში აპირებდნენ, თუმცა საშვებთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ისინი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს. აქციას ასევე ესწრება “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ელენე ხოშტარია.
„დღეს პარლამენტში მოდის ციხელაშვილი, ძალიან კარგად გვესმის, რომ ციხელაშვილი არ განსაზღვრავს პოლიტიკას არც რუსეთთან და არც ოკუპირებულ ტერიტორიებთან, მაგრამ როგორც მინიმუმ დღეს უნდა გავუსწოროთ თვალი იმ რეალობას, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, იმ გაჭირვებას, იმ უყურადღებობას რასაც განიცდიან იქ ადამიანები. მასიურად ადამიანებს საოკუპაციო ხაზთან სოფლებში მოუხსნეს სოციალური დახმარება, არ ანიჭებენ მთის სტატუსს, რომელიც ასევე გულისხმობს შეღავათებს. ადამიანებმა დაკარგეს საძოვრები, ბაღები, პრაქტიკულად შემოსავალი და რაც მთავარია არა წინა წლებში, არამედ ეხლა, ჩორჩანში კილომეტრზე მეტი ტერიტორია ტყეში დაკარგეს, სადაც კრეფდნენ ჯონჯოლს, რაც იყო მათი შემოსავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ.
სულ ცოტა ხანში პარლამენტში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს უნდა მოუსმინონ. ციხელაშვილი პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მიდის.