აფხაზეთის დე ფაქტი საგარეო საქმეთა მინისტრის , დაურ კოვეს განცხადებით, აფხაზეთში განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის იმიჯზე.
,,ეს ვითარება გავლენას მოახდენს საერთაშორისო ასპარეზზე აფხაზეთის იმიჯზე, რადგან ყველაფერი რაც ხდება, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრიობას”,- ამბობს დაურ კოვე.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის ასევე აღნიშნავს, რომ ყველა საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაწყდეს და ის რაც ხდება, არასდროს იწვევს კარგ შედეგს.
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 9 იანვარს რეზოლუცია მიიღო, რის მიხედვითაც დე ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას გადადგომა მოეთხოვა. დოკუმენტში წერია, რომ გადაწყვეტილება საზოგადოებაში შემდგომი დესტაბილიზაციის თავიდან ასარიდებლად მიიღეს. 19-მა დეპუტატმა წინადადებას მხარი დაუჭირა, 1-მა თავი შეიკავა, 4 დეპუტატი კი დადგენილებას არ დაეთანხმა.
გუშინ ოპოზიციური ძალები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეღწევას ცდილობდნენ და საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ გამოცხადებას ითხოვდნენ.