“სორორის დაფინანსებული სკვერია” – ანას ბაღთან მშენებელი კომპანია

“ანას ბაღთან” მიმდინარე მშენებლობის მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი, გიორგი ბენაშვილი აცხადებს, რომ აქტივისტების მიერ პარტიზანულად მოწყობილი სკვერი “სოროსის დაფინანსებულია”. როგორც ის აცხადებს ანას ბაღის მცველებს სკვერის ბედი არ ადარდებთ და პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს, რათა თბილისის მერია “მონსტრად გამოიყვანონ”.

“აღნიშნული ტერიტორია არის ჩვენს საკუთრებაში, მერიის გენერალურმა ინსპექციამაც დაადასტურა. გამოიძახეს და გადაამოწმეს საბუთები. დემონტაჟი მოხდა იმიტომ, რომ ეს იყო ყოველგვარი თვითნებურად, თავხედურად, ხულიგნურად და ყოველგვარი კანონდარღვევით სახელდახელოდ მოწყობილი სკვერი, რათა სამშენებლო სამუშაოებში შეეშალათ ხელი. ჩვენ დაუზიანებლად მოვხსენით მათი ნივთები”, –  განაცხადა გიორგი ბენაშვილმა.

პარტიზანულად მოწყობილი პარკი დღეს დილას, მშენებელი კომპანიის დაქირავებულმა მუშებმა და დაცვის თანამშრომლებმა დაშალეს. ამოთხარეს ნერგები, გადაიტანეს საქანელა, სკამი და მაგიდა, რომლებიც ადგილობრივებმა პარკის მოსაწყობად მიიტანეს.

“ანას ბაღის” ცენტრალური შესასვლელი აქ მიმდინარე მშენებლობის გამო ჩახერგილია. ადგილზე გაკეთებულია წარწერები: “კალაძე დაგვიბრუნე ეზო”, “ანას ბაღი ჩვენია”.