სოსო ქოიავას მამა გამოკითხვაზე იმყოფება

გენერალურ პროკურატურაში, მოკლული სოსო ქოიავას მამა გამოკითხვაზე იმყოფება. თამაზ ქოიავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იკითხება. თამაზ ქოიავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს, მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ ზურაბ ნადირაძის შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია.

„შეცდომაში ვერავინ შემიყვანს, არ ვარ პატარა ბავშვი, რომ ვინმემ მომატყუოს, გავიგებ, რას შემეკითხებიან, არ ვიცი წინასწარ რას მეკითხებიან. მოსაყოლად ტელევიზიებში მეძახიან და ამათ ალბათ რაღაცა აინტერესებთ. გაბუნია ჩემთვის უბრალო ჭანჭიკია და მაგის დონეზე გადაწყდებოდა ეს საქმე? სიამოვნებით დავუჭერ მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს“, – პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა თამაზ ქოიავამ.

შეგახსენებთ, პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. პრესაში გამოითქვა მოსაზრება, თითქოს კონკრეტული მსჯავრდებულების შეწყალებას დიმიტრი გაბუნია ლობირებდა. გაბუნია ყველა ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ მას სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო ლიცენზია არ აქვს. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. პრეზიდენმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა.