დაკავებულებმა ბრალის წარდგენის დოკუმენტზე წარწერა – “სლავა უკრაინა“ გააკეთეს.
ადვოკატების ინფორმაციით, ბრალდებულები საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ და დანაშაულთან არანაირი კავშირი აქვთ.
ადვოკატები დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
პოლიციის სამმართველოსთან, სადაც ბრალდებულებს კითხავდნენ, უკრაინის რადას დეპუტატი სიმიონ სემეჩენკოც იმყოფებოდა. ფაქტი პროვოკაციად შეაფასა.
“საქართველოში ოფიციალურად, არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ჩამოვედი. ბიჭები აქ ჩამოვიდნენ დასასვენებლად და მეგობრებთან შესახვედრად. არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული. მათ ყოველდღე ვხვდებოდი და შემიძლია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაცნობო, სად და ვის ხვდებოდნენ ისინი. მათ მეგობრების ოჯახები მოინახულეს, მაგრამ რატომღაც გამოძიებას ეს არ აინტერესებს,”-განაცხადა უკრაინის რადას დეპუტატმა სიმიონ სემერჩენკომ.
როგორც ცნობილია, 2 დეკემბერს სპეცოპერაცია თბილისში ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „გურუსა“ და „ალიანსში“ ჩატარდა. შსს-ს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ამავე უწყების ინფორმაციით, „გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს; უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს“.
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არიან თუ არა კავშირში უკრაინის და საქართველოს დაკავებული მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.