სპეცრაზმელებს ვაზიანის ბაზაზე მიტინგების დაშლაში ავარჯიშებენ

ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე შინაგან საქმეთა სამინსიტროს რამდენიმე დანაყოფი მიტინგის დაშლაში ვარჯიშობს. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, გომელაურის უწყება უკვე მეორე დღეა, პოლიციას აქციების დაშლასა და დემონსტრანტების დაკავებაზე ავარჯიშებს. საწვრთნელ მოედანზე დარბევის იმიტაციაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი შესაბამისი აღჭურვილობით – ჩაფხუტებით, ხელკეტებით და ფარებით მონაწილეობდა. პროცესში ჩართულები იყვნენ ჯარისკაცებიც, რომლებიც აქციის მონაწილეების როლს ითავსებდნენ. იმიტირებული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლიც გამოიყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი დეპარტამენტის შემადგენლობამ ვაზიანის საწვრთნელი ბაზა დღის ბოლოს დატოვა. წვრთნა, რომელშიც მონაწილეობას ასობით სამართალდამცველი იღებდა, 5 საათს გაგრძელდა. პოლიციელები და სამინისტროს მაღალჩინოსნები ბაზაზე რამდენიმე ათეული ავტობუსით და უწყების ავტომობილებით ჩავიდნენ. ვაზიანში მყოფმა პოლიციელებმა წვრთნის დეტალებზე საუბარი არ ისურვეს. საწვრთნელი ბაზაც მედიისთვის დღეს დახურული იყო

ბაზაზე მყოფი სამივე დეპარტამენტი, ბოლო თვეების განმავლობაში გამართულ ანტისახელისუფლებო აქციებზე აქტიურად მუშაობდა. წვრთნები გეგმიურია თუ ის საგანგებოდ დაიგეგმა – ამ კითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ჩვეულებრივი ვარჯიშია. თუმცა რაში ავარჯიშებენ პოლიციას – არ აკონკრეტებენ. ვაზიანის ბაზასთან მცხოვრებმა ადგილობრივებმა დაადასტურეს, რომ წვრთნები გუშინ დაიწყო და გუშინაც მთელ დღეს გაგრძელდა. „ფორმულას“ ინფორმაციით ის 4-დღიანია.

ბოლო რამდენიმე თვეში, სამართალდამცავმა უწყებამ ანტისახელისუფლებო აქციები ძალის გამოყენებით რამდენჯერმე დაარბია. 20 ივნისის ღამით და ორჯერ ნოემბერში. ათობით დაშავებული და დაკავებული მოქალაქის გამო, რამდენიმე თვეა ძალოვანი უწყება პოლიტიკური თუ სამოქალაქო სექტორის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტია.