კურიერის ინფორმაციით ამ წუთებში ახალქალაქში დაძაბული ვითარებაა – “ნაციონალური მოძრაობის” ახალქალაქის ორგანიზაციის თავმჯდომარის, აშოტ რაისიანის ინფორმაციით, დაკავებულია ოპოზიციის მხარდამჭერი, კიმ კუნგოიანი. როგორც რაისიანი განმარტავს, სამართალდამცავებმა მას სავარაუდოდ, იარაღი ჩაუდეს.
აშოტ რაისიანის განცხადებით დღეს დღის 02:00 საათზე ქალაქის ცენტრში, სპეცრაზმის 25-მდე წარმომადგენელმა ადგილობრივ პოლიციასთან ერთად დააკავა კუნგოიანი და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა. დაკავებიდან დაახლოებით 3 საათში მის სახლში დაიწყო ჩხრეკა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. როგორც რაისიანი განმარტავს, ჩხრეკას მხოლოდ დაკავებულის დედა ესწრება და სახლში სხვას არავის არ უშვებენ. რაისიანის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ სამართალდამცავებმა დაკავებულს სახლში ჩხრეკისას იარაღი ან ნარკოტიკი ჩაუდონ.
დაკავებული კუნგოიანის სახლთან იმყოფებიან მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. მათი თქმით, პოლიცია ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების დაშინებასა და დაშანტაჟებას ცდილობს.
პოლიციას კუნგოიანის დაკავების შესახებ განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, კუნგოიანის ახლობლები კი დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტი აქციებს აანონსებენ.
“რუსთავი 2”-თან საუბრისას, აშოტ რაისიანი იხსენებს, რომ კუნგოიანი დაახლოებით ნახევარი წლის წინაც დააკავეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მას 24 საათი ჰქონდა ქვეყნის დასატოვებლად, თუმცა მაშინ მისი გათავისუფლება მოხერხდა. რაისიანი კუნგოიანის შევიწროვებას, დაკავებულის პოლიტიკურ სიმპატიებს და ოპოზიციის მხარდაჭერას უკავშირებს.