სპეცრაზმმა მოქალაქეების წინააღმდეგ აქციის დასაშლელად მომაკვდინებელი ტყვიები გამოიყენა

ტყვიები, რომლებიც სპეცრაზმმა 20 ივლისის ღამეს აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ გამოიყენა, ახლო მანძილიდან ადამიანისთვის სროლისას ლეტალურ შედეგს იწვევს და მათი გამოყენება მშვიდობიანი დემონსტრაციის დასაშლელად დაუშვებელია. დემონსტრანტების წინააღმდეგ რამდენიმე სახეობის ტყვია გამოიყენეს. ვახტანგ ბერიკაშვილი ერთ-ერთია ათობით დაშავებულებს შორის, რომელმაც ძლიერი დაზიანების და  ოპერაციის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა მას ესროლეს ტყვია, რომელიც კლავს.
ტყვიების შემადგენლობაში, რომ რეზინზე მეტად მეტალი ჭარბობს, ეს ერთ-ერთი დაზარალებულის ტომოგრაფიამაც აჩვენა. ცნობილი რადიოლოგი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ექიმი სოფო ჭედია, სოციალურ ქსელში, ამის დამადასტურებელ ფოტოს აქვეყნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე მალავს, რა ტყვიები გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომელი ქვეყნის წარმოებაა და არის თუ არა დამიზნებით მისი ახლო მანძილიდან სროლა ნებადართული.
ქართველმა სამხედრომ, ირაკლი ქურასბედიანმა დამოუკიდებლად გამოიძია რა ტყვიები გამოიყენა 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების დროს ხელისუფლება ხალხის წინააღდეგ. აცხადებს, რომ ტყვია, რომელიც ამერიკული მწარმოებლის ანალოგია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებას თურქეთიდან ან რუსეთიდან აქვს შესყიდული. ეს ვაზნები განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა პირველად გამოიყენა. ქურასბედიანი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ჰყვება, რომ ტყვიები შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასაიდუმლოებული შესყიდვით 1 წლის შეიძინა.
12 მილიმეტრიანი რეზინის ტყვიების გამოყენებას სპეციალური ინსტრუქცია აქვს – მწარმოებელი მიუთითებს, რომ მას შეუძლია გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება ან სიკვდილი, ამიტომ მისი ახლო მანძილიდან სროლა აკრძალულია. ლეტალური შედეგი დამოკიდებულია სროლის მანძილზე, ტრაექტორიასა და გასროლის სხვა პარამეტრებზე.
„დელტას“ ყოფილი ხელმძღვანელი რეზო ჭარბაძე ამბობს, რომ 20 ივლისს გამოყენებული ტყვიები თავის დროზე ცხოველების გასანეიტრალებლად შეიქმნა, რომ ტყეში მოულოდნელად გამოჩენილი დათვი შეაჩეროს და ის რეინჯერს თავად არ დაესხას.
ტყვიებს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშია და ასობით მოქალაქეს მძიმე დაზიანება მიაყენა, რამდენიმე ანალოგი აქვს. მახასიათებლები განსხვავდება ფერებით: რაკეტის ფორმის ყვითელი ტყვია ყველაზე მსუბუქია, შავი – შედარებით მძიმე, ხოლო წითელი, რომელიც სპეცდანიშნულების რაზმმა 20 ივნისის რამეს აქციის დასაშლელად გამოიყენა ყველაზე მძიმეა.
სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ტყვიების გამო იმ პირთა პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც შეისყიდა და შემდეგ გასცა ბრძანება, რომ მძიმე და დამაზიანებელი ტყვიები მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ესროლათ.
დემონსტრანტების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა ყველა საშუალება, რაც კი არსენალში ჰქონდა.