სროლა თბილისის ცენტრში

{{ARTICLEIMAGE}}

ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

არის თუ არა ვინმე დაჭრილი, ჯერჯერობით უცნობია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე მოძრავი ავტომობილიდან გაუხსნეს.

სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, სროლის მიუხედავად, დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილზე, ფილარმონიასთან, ავტოსადგომზე ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. შემდეგ კი საკუთარი ავტომობილი მიატოვა და გაიქცა.

რადიო თავისუფლების ცნობით კი, 16:27 საათზე, ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე, მძღოლის გარეშე, მსუბუქი ავტომობილი დაგორდა. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა.