სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, არის მსხვერპლი

სტამბოლში სისხლიანი შეტაკება მოხდა  საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს შორის. შედედად, გარდაცვლილია ერთი ქართველი, რუსეთის ერთი მოქალაქე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თურქული  მედიის ცნობით, კონფლიქტი მხარეებს შორის გადამზიდავი კომპანიის ოფისში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენეს. კონფლიქტში მაყუჩიანი იარაღიც ფიგურირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილი 56 წლის თენგიზ ფხაკაძეა.

“როდესაც ქუჩაში გამოვედი, დავინახე რომ მაყუჩიანი პისტოლეტით შეიარაღებული მამაკაცი ვიღაცას მისდევდა. მან მეორე მამაკაცს თავში ესროლა. ეს დევნა აქ ქუჩის გასწვრივ მიმდინარეობდა. როგორც მე დავინახე, მიმალვას 2 მამაკაცი ცდილობდა, ერთ-ერთს ტყვია მოხვდა და ქუჩაშივე დაეცა. მეორე კი გაიქცა,”-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

თურქი სამართალდამცველები საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ. ინციდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა.