სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება.
როგორც ცნობილია, ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად, პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაც დაიწერება – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.
ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს გაწევრიანებას ევროსაბჭოში.
„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნება ასამბლეის სასახლის წინ. ვარსკვლავები, როგორც წესი, იხსნება სრულიად განსაკუთრებული ადამიანებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ ევროსაბჭოში შესრულებული და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მოვლენაა“,- განაცხადა ევროსაბჭოში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა.
ევროპის საბჭოს სასახლის წინ იმ მოღვაწეების ვარსკვლავებია განლაგებული, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ევროპის საბჭოს მუშაობაში.