სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა

ნოდარ ლაზარეშვილის მიერ წარმოებულ სულგუნში რძის ფხვნილი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას მომხმარებელი.ge ავრცელებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჩივრის გადამოწმების მიზნით, ერთ-ერთ ჰიპერმარკეტში სულგუნი შეიძინეს და ლაბორატორიაში რძის ფხვნილის შემცველობის განსასაზღვრად ჩააბარეს.

ლაბორატორიიდან მიღებული პასუხის მიხედვით, პროდუქტში აღმოჩნდა რძის ფხვნილი.

„რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, კი რძის ნაწარმის დამზადება რძის ფხვნილისაგან დასაშვებია, მაგრამ გამონაკლისს წარმოადგენს ყველი, რომელიც მხოლოდ ნედლი რძისაგან უნდა იყოს დამზადებული.

გარდა ამისა, ეტიკეტზე არ არის მითითებული, რომ პროდუქტი რძის ფხვნილისგანაა დამზადებული, რასაც მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს.