სუმოს მამების სხდომამ ოფიციალურად აღიარა, რომ ტოჩინოშინს გამარჯვება შეცდომით წაართვეს

სუმოს მამები, იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭო ყოველი ბაშოს შემდეგ იკრიბება და აფასებენ მთლიანობაში ბაშოს, მის გამორჩეულ მებრძოლებს და სადაო მომენტებს. ისინი ასევე სუმოისტებს რეკომენდაციებსა და რჩევებსაც აძლევენ.

საბჭოს ოფიციალურ განცხადებაში საუბარი იყო ტოჩინოშინსა და ასანოიამას შორის გამართული ორთაბრძოლის სკანდალურ დასასრულზე. სუმოს მამებმა, რა თმქა უნდა, პირდაპირ ვერ აღიარეს შიმპანების შეცდომა, თუმცა განაცხადეს, რომ შიმპანჩოების ქმედება დამაბნეველი და არასრულყოფილი იყო, რამაც არასაჭირო აჟიოტაჟი გამოიწვია. რაც ფაქტობრივად მათ არასწორ გადაწყვეტილებაზე მიუთითებს.

შეგახსენებთ, ნაცუ ბაშოს მე-13 სატურნირო დღეს ტურნირის 2 ფავორიტი ქართველი ტოჩინოშინი და იაპონელი ასანოიამა უპირისპირდებოდნენ. იმ დროისთვის ქართველ რიკიშის 9 მოგება ჰქონდა ბალანსზე და მხოლოდ 1 გამარჯვება აშორებდა ოძეკის წოდებას, ხოლო ასანოიამა ამ გამარჯვებით ფაქტობრივად ინაღდებდა ტურნირზე ჩემპიონობას.

შერკინების შემდეგ უპირატესობა იაპონელმა რიკიშიმ მოიპოვა და ქართველი დოჰიოს კიდესთან მიიყვანა, მაგრამ ტოჩინოშინმა სიტუაციის გამოსწორება მოახერხა და ასანოიამა დოჰიოს მიღმა გადააგდო. მატჩის არბიტრმაც გამარჯვება ლევანს მიაკუთვნა, თუმცა ამ დროს შიმპანებმა (ანუ მატჩის მთავარი არბიტრები) ხელი ასწიეს, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ მატჩის შედეგზე უნდა ემსჯელათ. 6 წუთიანი მსჯელობის შემდეგ შიმპანებმა გადაწყვიტეს, რომ მოწინააღმდეგის გადაგდებამდე ტოჩინოშინმა თვითონ გადადგა ფეხი დოჰიოს მიღმა და მას წაგება ჩაუთვალეს. მოგვიანებით განმეორებაზე არაერთი რაკურსით გამოჩნდა, რომ მათი გადაწყვეტილება არასწორი იყო და რეალურად ლევან გორგაძეს დოჰიოს მიღმა ფეხი არ გადაუდგამს და სოციალურ ქსელებში შიმპანები კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გააკეთეს აღიარება სუმოს მამებმა, თუმცა ქართველი რიკიშისთვის ამით აღარაფერი შეიცვლება.