სუპერბაქტერიები, რომლებსაც ანტიბიოტიკები ვეღარ ამარცხებს. რა საფრთხე ემუქრება კაცობრიობას

კაცობრიობას სუპერბაქტერიები ემუქრება, რომლებიც წამლების მიმართ მდგრადობით გამოირჩევიან. რეზისტენტული ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებებისგან მსოფლიოში ყოველწლიურად 700 000 ადამიანი იღუპება. თუ სასწრაფოდ ზომები არ იქნა მიღებული, 2050 წლისთვის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტებრიებით შესაძლოა წელიწადში 10 მილიონამდე ადამიანი დაღუპოს. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ბრიტანეთის მთავრობის მიერ შეკვეთილი კვლევის ავტორები.

ანტიბიოტიკების უწესრიგო მიღება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა მათ გარეშეც შეიძლება დაავადების მკურნალობა, სუპერბაქტერიების გაჩენას იწვევს, რომლებსაც ვერც ერთი დღემდე არსებული ანტიბიოტიკი ვეღარ ამარცხებს. ამის გამო ისეთი დაავადებებიც კი, რომლებიც აქამდე საშიში არ იყო, რთულად ექვემდებარება მკურნალობას. ეს კი ყოველწლიურად ათასობით ადამიანის სიკვდილს იწვევს ანტიბიოტიკორეზისტენტული სუპერბაქტების მიერ გამოწვეული დაავადებებისგან.

2017 წელს აშშ–ში გარდაიცვალა 70 წლის პაციენტი, რომელსაც სუპერბაქტერია Klebsiella pneumonia –თი გამოწვეული ინფექცია აღმოუჩინეს. პაცენტს სეფსისი განუვითარდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სუპერბაქტერიას 26 ანტიბიოტიკიდან ვერცერთი ვერ მოერია, მათ შორის ექიმების “უკანასკნელი იმედი“, ანტიბიოტიკი კოლისტინი.
ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა დავოსში გამართულ ფორუმზე ამ პრობლემასთან ბრძოლის გეგმა წარმოადგინა.

ბრიტანეთის მთავრობა აპირებს ფარმაკოლოგიური კომპანიების დაფინანსების სქემა იმგვარად შეცვალოს, რომ მათ ახალი წამლების შემუშავებისკენ უბიძგოს.
გეგმა ასევე გულისხმობს მთელი რიგი ზომების მიღებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ანტიბიოტიკების უფრო მკაცრად რეგულირებულ მიღებას ან მათზე უარის თქმას იმ შემთხვევაში, თუ დაავადების განკურნება სხვა საშუალებითაც შეიძლება.

გლობალური პასუხი

სამთავრობო გეგმის მიზანია სხვადასხვა დაავადების გამომწვევი ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტულობის კონტროლი და ზრდის შეჩერება. ანტიბიოტიკორეზისტენტულობა ტერმინია, რომელიც აღწერს იმ ბაქტერიების, ვირუსების, პარაზიტების და დაავადებების სხვა მაპროვოცირებლების მიერ ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობის გამომუშავებას.


გეგმა ასევე ითვალისწინებს უახლოესი ხუთი წლის მანძილზე ანტიბიოტიკების გამოყენების 15 %–ით შემცირებას 2016 წლის დონესთან შედარებით. მთავრობის გეგმა გულისხმობს უკვე მომავალი წლიდან ანტიბიოტიკების გამოყენების 25% –ით შემცირებას ცხოველების მკურნალობისას.ინგლისის ჯანდაცვის და სამედიცინო დახმარების ხარისხის ნაციონალური ინსტიტუტი და ჯანდაცვის სახელმწიფო სამსახური ასევე გეგმავენ ფარმაცევტული კომპანიების დაფინანსების ახალი სისტემის დანერგვას, რათა ისინი არა დიდი რაოდენობის ანტიბიოტიკების გაყიდვაზე, არამედ ახალი ეფექტური პრეპარატების შექმნაზე გახდნენ ორიენტირებული.

“ყოველი ჩვენგანი იღებს ბონუსს ანტიბიოტიკების არსებობისგან და მათი არსებობის გარეშე ვეღარც წარმოგვიდგენია ცხოვრება. მაგრამ წარმოიდგინეთ რა მოხდება მსოფლიოში, თუ ანტიბიოტიკები ეფექტურობას დაკარგავენ. ანტიბიოტიკორეზისტენტულობა დიდი საფრთხეა კაცობრიობისთვის. არანაკლები, ვიდრე კლიმატის ცვლილება ან ომი. ამიტომაც სასწრაფოდ უნდა მოვიფიქროთ გლობალური პასუხი –განაცხადა ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე 20წლიანი სტრატეგიის წარდგენისას.

2014 წლიდან ბრიტანეთში ანტბიოტიკების მომხმარება 7% ით შემცირდა. თუმცა სისხლში ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ინფექციების რაოდენობა 2017 წლისთვის 35 %–ით გაიზარდა. ხელისუფლება ექიმებისთვის დეტალური რეკომენდაციების შემუშავებას გეგმავს, რა შემთხვევებში შეუძლიათ დაუნიშნონ ანტიბიოტიკები თავის პაციენტებს.

როგორც ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა ბრიტანეთში ექიმები ხშირად უწერენ პაციენტს ანტიბიოტიკს ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებსაც მედიკამენტოზური მკურნალობა შეიძლება არც ჭირდებოდეს, მაგალითად მსუბუქი გაციების დროს, ან ისეთი დაავადებების დროს, როცა ანტიბიოტიკის გამოყენება საერთოდ არაეფექტურია.

ანტიბიოტიკების ზღვარგადასული გამოყენება მხოლოდ ბრიტანეთისთვის არ არის დამახასიათებელი. ანტიმიკრობული საშუალებების მოხმარების კონტროლის ევროპულმა ქსელმა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიების გავრცელებას მსოფლიო მოსახლეობისთვის დიდი საფრთხე უწოდა. მიახლოებითი გათვლებით ყოველწლიურად ევროპაში ამ ბაქტერიებთან დაკავშირებული ინფექციებით 33 ათასი ადამიანი იღუპება.

2015 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გლობალური გეგმა წარმოადგინა ანტიმიკრობული რეზისტეტნტობის დასაძლევად. გეგმის მიხედვით ქვეყნებმა საკუთარი გეგმა უნდა შეიმუშაონ, რათა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა დაძლიონ.

ექიმების თქმით ანტიბიოტიკების მეტისმეტად ხშირი გამოყენება იწვევს იმას, რომ მიკროორგანიზმები მის მოქმედებას აღარ ექვემდებარებიან და მდგრადობა გამოუმუშავდებათ. რაც უფრო ხშირად იყენებენ ადამიანები ანტიბიოტიკებს, მით ნაკლები ხდება მათი ეფექტურობა და ისეთ რთულ შემთხვევებში, როცა ანტიბიოტიკები სასიცოცხლოდ მნიშვნელვანია, ისინი უკვე უძლურნი არიან.