სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დეზერტირების ბაზარში ხორცის 11 სარეალიზაციო ობიექტი დააჯარიმა

სურსათის ეროვნული სააგენტომ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიზე ე.წ. „გვირაბში“ ხორცის 13 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმა.  

11 ობიექტი სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევის, ხორცის შენახვისა და რეალიზაციის არასათანადო პირობების გამო დაჯარიმდა, აქედან 4 ობიექტს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის თქმით, აგრარული ბაზრების ტერირორიაზე მონიტორინგი და კონტროლი მიმდინარეობს.

„მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ისეთი მაღალი რისკის სურსათის შემოწმება როგორც ხორცია. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ყოველდღიურად ახორციელებენ კონტროლს და მონიტორინგს, განსაკუთრებით აგრარული ბაზრების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გაურკვევლი წარმომავლობის ხორცის მოხვედრის რისკი მაღალია. უნდა აღინიშნოს რომ აქტიური კონტროლის და ინფორმირებულობის გაზრდის შედეგად, წინა წლებთან შედარებით, ვითარება გაუმჯობესებულია “- განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები.