სუს-მა გარიგებული მატჩების ბრალდებით 11 ფეხბურთელი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავეს.

დაკავებულები არიან საფეხბურთო კლუბ ”ვიტ ჯორჯიას”, ”ჭიათურას”, ”ლანჩხუთის გურიის” მოქმედი ფეხბურთელები და ასევე 3 ყოფილი ფეხბურთელი. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დამნაშავეები წინასწარ უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

ამის შესახებ სუს-ის ოფიციალური საიტი იუწყება და ვიდეოსაც ავრცელებს.