სუს-ს პანკისის სპეცოპერაციის დროს ამოღებული 22 575 ლარის დაბრუნებას თხოვენ

{{ARTICLEIMAGE}}
პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან 22 575 ლარის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც სპეცოპერაციის ღამეს მათი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სუს-ის წინააღმდეგ საჩივარს სასამართლოში შეიტანენ. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, გამქრალია 1 000 ლარი და ოქმში 23 575 ლარის ნაცვლად, წერია 22 575 ლარი.

“როცა თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ღამეს სახლის ჩხრეკა მოხდა, ოჯახიდან ის თანხა ამოიღეს, რომელიც გერმანიიდან თემირლანის დის, ნათიას გამოგზავნილი იყო. ეს როგორც მიმოწერებით დასტურდება, ასევე თანხის ახმეტასა და ისნის ტერიტორიაზე გადახურდავებით. ფული გერმანიიდან თემირლანის დამ, ნატა მაჩალიკაშვილმა ჩამოიტანა, რომ ბინა ეყიდათ ოღონდ არა თემირლანისთვის, არამედ, თავისთვის. კურსის მოგების გამო, ყოველკვირა ახურდავებდნენ და 100-200 ლარს იგებდნენ. ეს თანხა დღემდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშია. ფაქტია, რომ საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო უნდა დასრულებულიყო და დაბრუნებულიყო ყველა ის ნივთი, რომელიც საქმიდან ამოიღეს”, ამბობს მარიამ კუბლაშვილი.