სუსმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი – ბახტაძე

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და ამისთვის მადლობას ვუხდი, -ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სუს-ის მიერ მაჩალიკაშვილის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გააკეთა.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო და პრევენცია გაუკეთა უმძიმეს დანაშაულს. ჩვენ გუშინ ეს ყველამ ვნახეთ. ამასთან ერთად, პროკურატურამ გააკეთა განცხადება. იცით, რომ მასალები გადაგზავნილია და პროკურატურა სწავლობს მტკიცებულებებს, რომელსაც ბუნებრივია, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მე მინდა გიპასუხოთ, როგორც რიგითმა მოქალაქემ – გუშინ დავინახე, რომ სუს-მა შეძლო უმძიმესი დანაშაულის პრევენცია და მათ ამისთვის მადლობას ვუხდი“, – განაცხადა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ განაცხადეს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილს განზრახული ჰქონდა ტერაქტის ორგანიზება და რამდენიმე ადამიანის ლიკვიდაცია, მათ შორის,სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობა. ამასთან, სუს-მა ასევე მალხაზ მაჩალიკაშვილისა და მისი ძმისშვილის მორის მაჩალიკაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სუსის ინფორმაციით,ისინი ტერაქტის მომზადებაზე საუბრობენ.