სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე თეიმურაზ ჩოჩუა დააკავა. ჩოჩუამ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გრიგოლ ივანეიშვილს დააკავშირა უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის შესყიდვით იყო დაინტერესებული.
სუსის ინფორმაციით ივანეიშვილი ბიზნესმენს შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აუქციონის გზით მის შესყიდვაში დახმარებას დაპირდა. სანაცვლოდ კი ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოთხოვა. თავის მხრივ თეიმურაზ ჩოჩუამ გრიგოლ ივანეიშვილს დახმარება გაუწია თანხის გადახდის გარანტად უცხოელი ბიზნესმენის მიერ დაფუძნებული კომპანიის 16 პროცენტიანი წილის ივსანეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირის საკუთრებაში გადაცემასა და 250 000 ლარის ქრთამის სახით აღებაში.
გამოძიება თეიმურაზ ჩოჩუას მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით 11 – დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გუშინ სუსმა წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი საკრებულოს სხდომაზე დააკავა. გამოძიებას სუსის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.














