„სვეტის“ დამფუძნებელს 8 წლით, გენერალური დირექტორს კი 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებლის გივი ჯიბლაძისა და გენერალური დირექტორის თორნიკე ჯანელიძის მიმართ სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.

ჯიბლაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ჯანელიძეს 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და გენერალური დირექტორი თორნიკე ჯანელიძე გასული წლის 3 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წაუყენეს, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.