ტაილანდელი ექიმები ამტკიცებენ, რომ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს ახალ კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში ჩვეულებრივი ანტივირუსული პრეპარატების და შიდსის თერაპიისთვის განკუთვნილი წამლების შერევით.
მედიკოსების თქმით, ასეთი კოქტეილის მიღების შემდეგ 48 საათის განმავლობაში უმძიმესი ავადმყოფების მდგომარეობაც კი უმჯობესდება.
მეთოდი ბანკოკის ერთ–ერთ საავადმყოფოში გამოსცადეს, სადაც ერთდროულად რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მათ შორის 70 წლის ჩინელი ქალის უხანიდან, რომლის ანალიზები ათი დღის მანძილზე ზედიზედ ორგანიზმში ვირუსის არსებობას აჩვენებდა და რომლის მდგომარეობა მძიმე იყო.
მართალია ერთ–ერთ დაავადებულს ალერგიული რეაქცია ჰქონდა ამ მკურნალობაზე, მაგრამ ექიმების თქმით ის უმნიშვნელო იყო და მისი მდგომარეობაც უმჯობესდება.
ფორმულაში შედის შიდსის საწინააღმდეგო პრეპარატები, როგორიცაა ლოპინავირი და რიტონავირი ანტივირუსული ოსტელტამივირის დიდ დოზასთან კომბინაციაში.
ამ კომპონენტების ნაწილის კორონავირუსის სამკურნალოდ გამოყენების იდეა ახალი არ არის. გასულ კვირას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროც გამოვიდა წინადადებით ლოპინავირი და რიტონავირუ გამოეყენებინათ, თუმცა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. თუმცა რუსეთის ანალიტიკური კომპანია RNC Pharma–ს სპეციალისტები ამ წინადადებას ეჭვით შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ყოველ შემოთავაზებულ კომპონენტს ბევრი გვერდითი უარყოფითი ეფექტი აქვს.
ტაილანდელმა ექიმებმა კი თავის მხრივ საფუძვლად ბევრად უფრო პროგნოზირებადი პრეპარატი – ოსელტამივირი აიღეს. მათი თქმით, იხელმძღვანელეს საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკებით, თუმცა უბრალოდ ერთ–ერთი პრეპარატის დოზა გაზარდეს.
ტაილანდელი ექიმების თქმით მათმა ჩინელმა კოლეგებმა უკვე დაიწყეს მათი მეთოდის გამოყენება.
ტაილანდელი ექიმების თქმით, პროგნოზი დადებითია, მაგრამ აუცილებელია ყოველმხვრივი კვლევების ჩატარება, სანამ ამ კომბინაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო მეთოდად ოფიციალურად აღიარებენ.