{{ARTICLEIMAGE}}
რა ღირს “ტამიფლუ” ევროკავშირსა და ამერიკაში – ამ თემაზე გამოცემა BM.ge-მ სტატია მოამზადა: ამერიკაში, 75 მილიგრამიანი Tamiflu -ს საშუალო, დისკონტირებული ფასი ადგილობრივ აფთიაქებში დაახლოებით, 145 დოლარია (ანუ დაახლოებით 387 ლარი). ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი აბი Tamiflu საშუალოდ 7-8 დოლარი (ანუ დაახლოებით, 18-20 ლარი) ღირს.
იგივე პრეპარატს ონლაინ-აფთიაქებიც ყიდიან. მათი დისტრიბუცია ამერიკასა და კანადაში ძირითადად ავსტრალიიდან, ინდოეთიდან, ახალი ზელანდიიდან და გაერთიანებული სამეფოდან ხდება. ე.წ. შიფინგის საშუალო ფასი 9 ამერიკული დოლარია (ანუ დაახლოებით, 24 ლარი). ამ დათქმებით Tamiflu-ს საშუალო ფასი ამერიკისა და კანადის ონლაინ-აფთიაქებში 70-დან 90 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 187-დან 240 ლარამდე) მერყეობს.
FDA-ის ანუ ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას რეგისტრირებული აქვს Oseltamivir-ი, აქტიური ნივთიერება, როგორც Tamiflu-ს ე.წ. ჯენერიკი. 75 მილიგრამი ოსელტამივირის ფოსფატის 10 კაფსულის ფასი 81-დან 125 ამერიკულ დოლარამდე (ანუ დაახლოებით 216-დან 333 ლარამდე) მერყეობს.
ევროკავშირში 75 მილიგრამი Tamiflu-ს ან მისი ჯენერიკი სახელწოდების – Oseltamivir-ის ბრენდის კაფსულა საშუალოდ, დაახლოებით, 113 ევრო (ანუ დაახლოებით, 347 ლარი) ღირს. ევროკავშირში ამერიკისგან განსხვავებით, ფასთაშორისი განსხვავების თვალსაზრისით, მეტი მნიშვნელობა ენიჭება მწარმოებელს, ვიდრე იმას – ჯენერიკია თუ არა. იგივე ოდენობის მედიკამენტი ოღონდ სხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული (Roche Pharma ან Roche Farma) ხელმისაწვდომია საშუალოდ 24 ევროდ (ანუ დაახლოებით,74 ლარი).
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნებშიც მომხმარებლები მუდმივად ჩივიან, რომ რიგ შემთხვევებში სიცოცხლისთვის აუცილებელი პრეპარატი ძალიან ძვირი ღირს. როგორც, მაგალითად, შარშან დაახლოებით, ამ დროს – 2018 წლის თებერვალში ABC -ი აშუქებდა, იგივე ამერიკაში ასეთი შემთხვევა მოხდა: 3 და 7 წლის გოგოების დედას, შერილ კრაუტჰამერს Tamiflu-ში შეიძლება ითქვას, ამ დროისთვის რეკორდული ფასის – 450 ამერიკული დოლარის (ანუ დაახლოებით, 1200 ლარი) გადახდა მოუწია. მწარმოებლები მაშინ ამბობდნენ, რომ 75-მილიგრამიანი Tamiflu-ს ბრენდის 10 კაფსულის საბითუმო ფასი დაახლოებით 152 ამერიკული დოლარი (ანუ დაახლოებით 405 ლარი) იყო. რაც შეეხება საქართველოს, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ინფორმაციით, სააფთიაქო ქსელებში Tamiflu-ს გასაყიდი ფასი 68 ლარია.
გარდა ამისა, რადიო თავისუფლების ცნობით: ტამიფლუს ფასი ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავვდება.
აზერბაიჯანში მედიკამენტი დაახლოებით 70 ლარი ღირს (45 მანათი).
სომხეთში მისი ფასი 123 ლარია (22500 დრამი), თუმცა ის ბოლო რამდენიმე წელია დეფიციტშია.
უკრაინაში ტამიფლუ 48 ლარი (507 გრივნა) ღირს.
რაც შეეხება ევროკავშირს, ესტონეთში ტამიფლუს ფასი 52 ლარია (17,17 ევრო). გერმანიის სააფთიაქო ქსელებში კი პრეპარატის შეძენა 116 ლარადაა შესაძლებელი (38 ევრო).
ტამიფლუს მწარმოებელი Roche group-ია. სწორედ ამ კომპანიისგან იძენენ სხვადასხვა ქვეყნები აღნიშნულ მედიკამენტს. ჯანდაცვის მინისტრი კონტრაქტის გამო, ვერ ამბობს, თუ რა უჯდება ტამიფლუს შეძენა სახელმწიფოს. რაც შეეხება სააფთიაქო ქსელებს, ფასის შესახებ გაჩენილ კითხვებს “ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციამ” უპასუხა. ასოციაციის თქმით, მათი წევრი კომპანიები ანტივირუსულ პრეპარატს მწარმოებლისგან 67,26 ლარად იძენენ.










