ტაო-კლარჯეთში X საუკუნის ტაძრის კარიბჭეში ტუალეტი შენდება

ქართველი ისტორიკოსი და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბუბა კუდავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე  წერს, რომ ტაო-კლარჯეთში, X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის  დოლიყანის კარიბჭეში საპირფარეშო შენდება. 

ბუბა კუდავა წერს:”საგანგაშო, ყოვლად დაუჯერებელი და ყოვლად გაუგებარი სიახლე ტაო-კლარჯეთიდან!X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!

ფოტოები ეს წუთია გამომიგზავნეს. კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა გადახურული. ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა და დღე-დღეზე ალბათ ბეტონსაც დაასხამენ.

აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანებების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა.

ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!

21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.

იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები.

P. S.
საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში. ვესაუბრე ელჩს – ბ-ნ გია ჯანჯღავას. უკვე შეუდგა ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებს საკითხის მოგვარებას.” {{PHOTOGALLERY}}